logo
ENG



ლომია "დოსიეზე": არ შეიძლება, პროკურატურას ან აუდიტს ფარატინა ქაღალდებზე გამოძიება მოთხოვო

01 სექ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

"იმდენად აბსურდულია ბრალდებები, რომ ამაზე პასუხიც კი სასაცილოა", - პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას პატრიოტთა ალიანსის გავლით ცდილობს.

გიორგი ლომიას განცხადებით, "ძალიან ცუდია", რომ აუდიტის სამსახურმა დოსიეს გამოგზავნილი საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. 

"ახლა გავიგე პირველად, რომ აუდიტის სამსახურმა დოსიეს გამოგზავნილი საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. თუ დაიწყო, ძალიან ცუდია. არ შეიძლება, რომ ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზე არის ამობეჭდილი, სადაც არანაირი დასახელება საერთოდ პატრიოტთა ალიანსზე არ მეტყველებს, ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან აუდიტის სამსახურს ამ საკითხის გამოძიება მოსთხოვო. ეს არის აბსურდი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრია გაერთიანებული, არამედ მთავრობაც მონაწილეობას ამ სპექტაკლში", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლი ირწმუნება, რომ ილორის ტაძარში ხატის ჩატანის შესახებ პატრიოტთა ალიანსი საუბარს არ აპირებდა, რადგან ისინი "რელიგიური თემით არ სპეკულირებენ". 

"ძალად ოპოზიციურ პარტიებს რომ არ აეტეხათ ერთი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ მე და ქალბატონი ირმა ინაშვილი ვიმყოფებოდით ილორის ტაძარში და გადავაბრძანეთ ხატი, ჩვენ ამ თემაზე საუბარს არც ვაპირებდით. არასოდეს არ ყოფილა, რომ პატრიოტთა ალიანსს რელიგიური თემებით სპეკულირება მოეხდინა", - აცხადებს გიორგი ლომია.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრორუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადება, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირებისა და დაფინანსების გამოძიება მოითხოვა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს აუდიტის სამსახური ახორციელებს და ის უფლებამოსილია, შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება.

აუდიტის სამსახურმა ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით პატრიოტთა ალიანსს წერილი უკვე გაუგზავნა.

"დოსიეს" გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ


close დახურვა